
გათენდა! მაგრამ თვალის გახელაც არ გინდა. იქნებ გინდა კიდეც, მაგრამ არ ძალგიძს. შეგიძლია, დილიდან საღამომდე გმირულად იმუშაო. თუ საჭირო გახდა, თავდაყირაც დადგები, მაგრამ ისეთი მარტივი და ბუნებრივი პროცესი, როგორიც გაღვიძებაა, წარმოუდგენლად რთული გეჩვენება. არადა, თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. მზეზე ადრე ეგებ ვერ წამოხტე, მაგრამ მზესთან ერთად გაღვიძება ნამდვილად აღარ დაგეზარება.
შენზე ამბობენ, ბუაო იმის მიხედვით, თუ დღე-ღამის რომელ მონაკვეთში არიან განსაკუთრებით სიცოცხლისუნარიანნი, ადამიანებს “ბუებად” და “ტოროლებად” ყოფენ. თუკი დილით ადგომა გეზარება, ბოდიში, მაგრამ “ბუ” ყოფილხარ. დღეს სიხარულით რომ შეხვდე და მაინცდამაინც არც საწოლიდან წამოდგომა გაგიძნელდეს, ასე მოიქეცი:
- დააჭყეტ თუ არა თვალს, მაშინვე ნუ წამოხტები. ჯერ გემრიელად გაიზმორე და რამდენიმე წუთი იკოტრიალე. თურმე ორწუთიანი გაზმორება-გაჭიმვა საკმარისია, რომ შრომისუნარიანობა მთელი 50%-ით აღდგეს.
- გაავარჯიშე კუნთები და სახსრები: ისე დაატრიალე ფეხები, თითქოს ველოსიპედზე იჯდე. ეს მარტივი მოძრაობა მთელ სხეულს ტონუსში მოიყვანს.
- არ მოგერიდოს, ამთქნარე რამდენიც გინდა. ასე უფრო მალე გამოფხიზლდები.
- ძილის წინ ტუმბოზე (თუნდაც იატაკზე, ოღონდ საწოლთან ახლოს) მაგნიტოფონი დადგი და გაახელ თუ არა თვალს, საყვარელი მუსიკა ჩართე. ჯაზი, კლასიკა, ქანთრი, ფოლკი, როკი (თუნდაც მძიმე) – ჟანრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, შენს სმენას მიესალბუნოს.
- არ დაზოგო ელექტროენერგია! გაიღვიძებ თუ არა, ოთახი სინათლით აავსე: გადაწიე ფარდები, აანთე უკლებლივ ყველა ნათურა. ზედმეტი შუქი თვალის დახამხამებაში გამოგაცოცხლებს.
თუკი არაფერი გშველის და ერთადერთ იმედად მაღვიძარა დაგრჩენია, ასე მოიქეცი: დაძინებამდე ეს მჩხავანა საწოლიდან რაც შეიძლება შორს დადე (უმჯობესია, სააბაზანოს სიახლოვეს), დააყენე ყველაზე ხმამაღალ ზარზე და გულდამშვიდებით გადაეშვი ასტრალში. მეორე დილით მაღვიძარას გულისგამაწვრილებელი ხმის გაგონებაზე უთუოდ გაგეღვიძება, იძულებული იქნები, სააბაზანოსკენ წალასლასდე, საათი გამორთო და ბარემ ხელ-პირიც დაიბანო.
გაიღვიძე! გამოფხიზლებაში კონტრასტული შხაპი დაგეხმარება. შეუშვირე სხეული ცხელ ჭავლს, შემდეგ გრილი შეაპარე და ბოლოს გააცივე, სადამდეც გაუძლებ. შხაპის მიღების დროს ნუ დაივიწყებ არომატულზეთოვან (უმჯობესია, ციტრუსებისა და წიწვოვანთა ექსტრაქტის შემცველ) საპონს ან ტანის დასაბან გელს.
მოდუნებულ სხეულს ტონუსში მოიყვანს მსუბუქი მასაჟი, რომელიც წყლის ჭავლის ქვეშ თავადაც შეგიძლია გაიკეთო. განსაკუთრებით შეუტიე იმ ადგილებს, სადაც ეს ყბადაღებული ცელულიტია დაბუდებული: თეძოებს, ბარძაყებს, დუნდულებს. მასაჟი კანისა და კუნთების ტონუსსაც აამაღლებს. ოღონდ არ დაგავიწყდეს, ამ პროცედურის შემდეგ კანზე (ძირითადად _ “ნაცემ” ადგილებზე) მკვებავი კრემი ან ტანის ზეთი გადაისვა. თვალის დახამხამებაში გამოგაცოცხლებს და სიცოცხლის ხალისსაც შეგმატებს თბილი (და არამც და არამც ცხელი) ჩაი ან ყავა. კარგი იქნება, თუ მათ ლიმონის ნაჭერს და ერთ კოვზ თაფლსაც დაუმატებ. მატონიზებელი სასმელი ასეც შეგიძლია მოიმზადო: ლიმონი შუაზე გაჭერი, საგულდაგულოდ გამოწურე, გააზავე 100 მლ თბილ წყალში და გადაჰკარი. ან ასე: ლიმონის ნაჭრებსა და ერთ სუფრის კოვზ მურაბას მდუღარე დაასხი, გაგრილება დააცადე და მიირთვი.
ისე კი, ვერც კონტრასტული შხაპი გიშველის და ვერც ლიმონის არომატული კოქტეილი, თუკი საკუთარი თავი არ დაარწმუნე, რომ ყოველი დილა შენთვის ბედნიერების საწინდარია, რომ ყოველი ახალი დღე ახალ სიხარულს გპირდება, რომ მზის ამოსვლას ღიმილით უნდა შეხვდე. ასე რომ, ზარმაცო და მოწყენილო გოგონავ, გაიღიმე და დატკბი სიცოცხლით, ის ხომ ასეთი მშვენიერია!
ნუთუ გადავიღალე?! ცხოვრების თანამედროვე სტილი ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს: სახლი, სამსახური, გადატვირთული ტრანსპორტი... ბიჭი ხარ და ნუ დაიღლები! მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს როდია. კიდევ ერთი, ცოტა არ იყოს უცნაური ფაქტორი, რომელიც შენს ისედაც აფორიაქებულ სულს მოსვენებას არ აძლევს, გაზაფხულია. დიახ, წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო აფეთქებული კვირტებითა და ლურჯთვალა ია-იებით. გაზაფხულობით განსაკუთრებით სწრაფად რომ იღლები, მთელ დღეს მთქნარებაში ატარებ და ყავის ფინჯანს ფინჯანზე ცლი, ეგებ გამოვცოცხლდეო, არახალია. არადა, როგორ გჭირდება ძალების მოკრება და ენერგიით დამუხტვა?! მოდი და გააგებინე ჭირვეულ ოჯახის წევრებს, რატომ შეეჩვიე დივანს, უხსენი თანამშრომლებს, რატომ არ გეხალისება მათთან საათობით ლაქლაქი... ვერა, ნამდვილად ვერავის დააჯერებ, რომ შენი სევდის მიზეზი მშვენიერი გაზაფხულია. ისღა დაგრჩენია, ძალ-ღონე მოიკრიბო და უდროოდ შემოჩენილი მოთენთილობა განდევნო.
მოთენთილობა შემომეჩვია ჯერ ხელი ხეირიანად არც კი გაგინძრევია, რომ უკვე დაღლილი ხარ, დათრგუნული და ლიმონივით გამოწურული დააბიჯებ, მუშაობა გეზარება, დივანზე კოტრიალსა და თვლემას არაფერი გირჩევნია, დიდად არც თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გახარებს, მეგობრებისკენ სავალი გზები ხომ დიდი ხანია გადაგავიწყდა... ასე იცის საგაზაფხულო დაღლილობამ. თუ გინდა, საგაზაფხულო მოთენთილობა დავარქვათ — დამეთანხმები, სახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს...
ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას სეზონური დეპრესია უწოდეს. მათი აზრით, ადამიანი მხოლოდ გაზაფხულზე როდი შეიგრძნობს დამთრგუნველ სევდას; სეზონური დეპრესია თურმე შემოდგომობითაც იჩენს თავს. ყველაფერი კი კლიმატის, მზის გამოსხივების მკვეთრი ცვლილების ბრალი ყოფილა. ამას ერთვის ვიტამინების დეფიციტიც, რომელიც გაზაფხულობით ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც თოვლის საფარიდან ენძელების ამოწვერვა.
გაუმართლა შევთანხმდით — სეზონური დეპრესიის მიზეზი მზის სხივების უკმარისობაა. ამიტომაც არის, შემოდგომაზე დღის კლებასთან ერთად მოწყენილობა რომ გვეუფლება. დადგება თუ არა გაზაფხული, სითბოსა და სინათლეს მონატრებულები ფორიაქს ვიწყებთ, ვცდილობთ გამოვფხიზლდეთ, მაგრამ რა გინდა მოუხერხო ენერგიისგან დაცლილ ორგანიზმს? დათუჩას გაუმართლა: მიწვება ბუნაგში, გემრიელად გამოიძინებს და როგორც კი დათბება, ენერგიით აღსავსე გაინავარდებს ამწვანებულ ტყეში. ჩვენ კი ნეტავ ხანდახან მაინც შეგვეძლოს, ჩვენ-ჩვენს “ბუნაგებში” შევიყუჟოთ და დროებით მოვწყდეთ მომაბეზრებელ ყოველდღიურობას... სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, ასე რომ, სხვა ხერხი უნდა ვიპოვოთ, რათა სევდასა და დაღლილობას კუდით ქვა ვასროლინოთ.
უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დაღლილობა “ქრონიკული დაღლილობის სინდრომი” – არც ისე დიდი ხანია, რაც ავადმყოფობის ისტორიებში ასეთი დიაგნოზი გაჩნდა. ეს დაავადება ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ დაღლილობას, მაგრამ მასზე გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. კერძოდ, ჩვეულებრივი დაღლილობა (თუნდაც სეზონური) დაავადება არ არის. ის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა გადაქანცვაზე და გვაუწყებს, რომ სასწრაფოდ გვჭირდება დასვენება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი კი (შემოკლებით — ქდს) თითქოსდა უმიზეზოდ, მკვეთრი საერთო სისუსტით იწყება, რომელსაც დასვენება ვერ აქრობს. ის ორგანიზმს ფიტავს და ადამიანს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან აგდებს. ქდს, რომელიც სულ იოლად შეიძლება სეზონურ დაღლილობაში აგვერიოს, სწორედ გაზაფხულობით აქტიურდება.
როგორ ვიცნოთ “ნამდვილი” დაღლილობა
- გაწუხებს ძლიერი სისუსტე, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გაივლის. დაღლილობას გაღვიძებისთანავე გრძნობ;
- ღამეებს თეთრად ათენებ ან, პირიქით, სულ ძილად ხარ მივარდნილი;
- მეხსიერება თვალსა და ხელს შუა გიუარესდება;
- ყავა, რომელიც აქამდე სასიცოცხლო ტონუსს გმატებდა, აღარ გშველის;
- მუდამ გაღიზიანებული ხარ, ხასიათი ხშირად და უმიზეზოდ გეცვლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვს;
- ხშირად გიტევენ ინფექციები.
გარდა ამისა:
- ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების მტკივნეულობა;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- თავბრუხვევა და თავის ტკივილი;
- მომატებული ოფლიანობა;
- სულხუთვა, ტკივილი გულის არეში, მაჯისცემის ამოვარდნა.
მენეჯერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით მეცნიერებმა დღემდე არ იციან, რა იწვევს ქდს-ს. ჯერ ეგონათ, რომელიღაც ამოუცნობი ვირუსი იყო დამნაშავე. პათოლოგიური დაღლილობის დროს ორგანიზმში მართლაც აღმოაჩინეს სპეციფიკური ვირუსი, მაგრამ ძნელი დასადგენი აღმოჩნდა, მან გამოიწვა ქდს თუ, პირიქით, ორგანიზმში უკვე არსებული ორგანიზმის გამოფიტვამ და გადაქანცვამ გაააქტიურა. ამიტომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების ამ ვარიანტის განხილვას თავი ანებეს და პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ.
დაინტერესებულმა პირებმა, ბევრი იკვლიეს თუ ცოტა, აღმოაჩინეს, რომ ქდს ცივილიზაციის განვითარების შედეგია. ის მუდმივ სტრესს, ცხოვრების აუტანლად სწრაფ ტემპს უკავშირდება. ყველაზე მეტად კი ეს სინდრომი შრომით შეპყრობილებს ანუ იმ პირებს ემურებათ, ვინც დღე-ღამეში ლამის 25 საათს მუშაობს. ქდს განსაკუთრებით კარიერის ზენიტში მყოფ მენეჯერებს ემტერება, თანაც თუკი ორიოდე ათწლეულის წინ უპირატესად მამაკაცები იყვნენ მისი მსხვერპლნი, დღეს ქალბატონები ლიდერობენ. ვინ იცის, ეგებ ყველაფერი ამ ყბადაღებული ემანსიპაციის ბრალია...
რა მოვუხერხოთ დაღლილობას? რამდენიმე მარტივი წესის დაცვა მოგვიწევს, კერძოდ:
- არაადამიანურ შრომას (როგორც გონებრივს, ისე ფიზიკურს) ერიდე. სამუშაო დღის განრიგი ისე შეადგინე, რომ დათქმულ დროში ჩაეტიო, ნუ წაიღებ “დავალებას” შინ.
- ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვი. ოფისის განათება, თუნდაც თვალისმომჭრელად კაშკაშა, სულის სიმშვიდისთვის არ კმარა. გამოაღე სარკმელი და მიეცი ნება მზის სხივებს, ოთახში შემოაღწიონ.
- დილით ადრე ადექი და სამსახურისკენ, თუ მაინცდამაინც ქალაქის მეორე ბოლოში არ მუშაობ, ფეხით გაუყევი გზას.
- მაქსიმალურად გამოიყენე შესვენების დრო. თხუთმეტ-ოცწუთიანი გასეირნება ნამდვილად მოგგვრის შვებას.
- მიირთვი ვიტამინებით მდიდარი საკვები ან მიიღე ვიტამინების კომპლექსი.
- მიიღე (ოღონდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ) მსუბუქი ანტიდეპრესანტები, მცენარეული (მაგალითად, კატაბალახას, ჟენშენის) ნაყენები.
- ივარჯიშე, მისდიე სპორტს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა
- შაბათ-კვირა ბუნების წიაღში გაატარე.
ჭამე, რომ არ დაიღალო! გამოსაფხიზლებლად ზოგჯერ გონივრული კვებაც კმარა. მოიმარაგე ის საკვები, რომელიც სიამოვნებასა და სიხარულს განიჭებს. არ გაგეღიმოს — მართლაც არსებობს პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების — გამომუშავებას უწყობს ხელს. ასეთია წიწაკა, შოკოლადი, ნაყინი.
გადაღლილი გონებისთვის სასარგებლო ყოფილა B1 და B2 ვიტამინები (შეიცავს კარტოფილი, მწვანე ბოსტნეული, რძე, ყველი, თევზი), C ვიტამინი (ხილი და ბოსტნეული), რკინა (ინდაურის თეთრი ხორცი, ღვიძლი, ხბოს ხორცი). გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე! |