
ბიჭოლას კრუიზული ჩვენება 24 ივნისს კომპლექს კრუიზში გაიმართა. ეს გახლდათ თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის თემატური გაგრძელება, სადაც აქცენტი კვლავაც მინიატურულ ბალიშებზე გაკეთდა. ამჯერად ეს ორიგინალური დეტალი შედარებით მცირე დოზით იყო წარმოდგენილი, ცნობილი თმის სამაგრებიც მინიატურულმა გემებმა ჩაანაცვლა. საზაფხულო ფერადი კოლექცია ახალგაზრდული, სპორტული სამოსისა და ქალური, მაქსიმალური სიგრძის ჰაეროვანი კაბებისგან შედგებოდა. ბალიშები ყველა მათგანს ამშვენებდა და კოლექციას განსაკუთრებული ორიგინალურობისა და მოდურობის ელფერს აძლევდა. როცა პოდიუმზე დიზაინერის ბოლო კოსტიუმში გამოწყობილმა თიკო სადუნიშვილმა ჩაიარა სტუმრებმა თავიანთი აღფრთოვანება ვეღარ დამალეს. ახალგაზრდა დიზაინერის კრეატიულობასა და ორიგინალურ სტილზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ თბილისში. მსგავსი შეფასებებით შეამკეს ის ამჯერადაც, თუმცა ყველაზე დიდი კომპლიმენტი დიზაინერისთვის მისი კოლექციის გაყიდვების მაჩვენებელია, რომელმაც ბიჭოლას თქმით უკვე ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია.
თიკო სადუნიშვილი: პირველად ვიყავი მოდელის ამპლუაში და ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესია ინტელექტი ამუშაო, ვიდრე ფეხები. რაც შეეხება ბიჭოლას, მე ვერ შევადარებ მას ვერცერთ აღიარებულ დიზაინერს, რადგან 21 წლის ასაკში უკვე აქვს საკუთარი შემოთავაზება და სათქმელი, თუნდაც ბალიშის სახით, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია.
დალი ჩიტალაძე: მე ძალიან მომწონს ბიჭოლა. ის ორიგინალურია, აქვს კრეატიული ხედვა და არავის არ გავს. მე ვფიქრობ ხელოვნებაში მთავარი სწორედ ისაა, რომ გქონდეს საკუთარი ხელწერა. რაც შეეხება დღევანდელ კოლექციას, მომეწონა ბალიშების სპორტულ სტილში გადაწყვეტა და რა თქმა უნდა გემები. ზღვის სეზონია და ყველა დასასვენებლად აპირებს წასვლას, ამიტომაც ეს დატალი ძალიან თემატურია.
ბიჭოლა: ეს კოლექცია ეძღვნებოდა ჩემს დებიუტს და ძალიან ტენდენციური იყო, ბიჭოლასეული ბალიშებით გაფორმებული. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. პირველ რიგში იმიტომ, რომ კოლექცია კომერციულად ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა და მას უკვე გამოუჩნდა ბევრი დამკვეთი.
ნანკა გოგია
www.shopogolik.ge






 გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე! |