1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ვირჩევთ ავეჯს: ფერი, კომპოზიცია, სტილი.

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ვარჩევთ ავეჯსინტერიერი დამუშავდა, გათვლილია ყველა წვრილმანი, ყველა კონსტრუქციული ელემენტი: ფანჯარა, კარი, ჩარჩოები. ახლა ავეჯზე, ტექსტილზე და ტექნიკაზე ფიქრის დროა. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს ჰარმონიული ერთიანობა, რომელიც უკვე სახეზეა. ავეჯის და საჭირო მოწყობილობების შერჩევა პროფესიონალურ მიდგომას დაგეგმვაზე და შენებაზე ნაკლებ არ საჭიროებს.

მაშ ასე, თქვენ ავეჯის სალონში ხართ. მიხედვ-მოხედვასაც ვერ ასწრებთ, და ერთმანეთის მიყოლებით გთავაზობენ ხან ერთი, ხან მეორე პრესტიჟული ფირმის პროდუქციას. არადა ავეჯი და სახლის მთელი ატმოსფერო უნდა იყოს ფუნქციური და არა საგამოფენო ელემენტი. სპეციალიზებული მაღაზიების გამყიდველებზე უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, ისინი ამ სხვადასხვა ერთეულისგან ერთი მთლიანის შედგენაში უნდა დაგეხმარონ, რომელიც არ დაემსგავსება სხვას, მაგრამ თქვენს გემოვნებას, მოთხოვნებს, ჭირვეულობებს და, რა თქმა უნდა, ცხოვრების პირობებს სავსებით დააკმაყოფილებს.

პირველ რიგში, საცხოვრებლის ერთიან სახეზე და მის სტილზე უნდა იფიქროთ. სწორედ მან უნდა გიკარნახოთ, რას უნდა მიექცეს ყურადღება დეტალების და აქსესუარების არჩევისას. ამიტომ, ჯერ გადაწყიტეთ, როგორი სტილია თქვენთვის უფრო ახლო.

რას ნიშნავს სტილი? შევთანხმდეთ: ეს არის ნაწილების (საგნების) ისეთი გაერთიანების უნარი, რომელიც დასრულებულობის, მთლიანობის და ელეგანტურობის შთაბეჭდილებას ქმნის. თანამედროვე სტილი შემდეგ ძირითად პრინციპებს ასახავს: მაღალი მოდის ელემენტების შემცველი მშვიდი ევროპული დიზაინი; საავეჯო ტექნოლოგიიების უახლესი მიღწევები; კომფორტის თანამედროვე მოთხოვნებთან სრული ადაპტაცია, ფუნქციურობა და ერთიანობა. ამ პრინციპების ხორცშესხმას კი ძალიან ცოტანი ახერხებენ.

დიზაინი სამ რამეზე დგას: ფერი, კომპოზიცია და სტილი. თუ ადამიანი გრძნობს სტილს - ეს ნიშნავს, რომ საკუთარი საცხოვრებლისთვის ფერსაც კარგად შეარჩევს და კომპოზიციასა ზუსტად მიაგნებს. უბრალოდ, აუცილებელია, სახლის სტილი თქვენი ცხოვრების სტილს ეთანხმებოდეს.

არჩევანი ძალიან ფართოა. XXI საუკუნის დასაწყისი სტილთა შეგნებული აღრევაა – ეკლექტიკაა! არც თუ იშვიათად კითხვაზე” რა არის დღეს ინტერიერის დიზაინში მოდური?” პასუხობენ: ”ყველაფერი”! მართლაც ასეა, აქტუალურია ფერების ამბოხიც და თავშეკავებული გამაც, მეოცნებეობაც და ხაზგასმული უბრალოებაც, კლასიკაც და ავანგარდიც.

ძველი ეპოქების მდიდარი მემკვიდრეობიდან შეგიძლიათ აირჩიოთ – გოტიკა, ბაროკო, კლასიციზმი. უფრო ძველიც თქვენს ხელთაა: საბერძნეთი - მარმარილოს კოლონებით, ეგვიპტე ფარაონების ნიღბებითა და კედლის ძველებური მოხატულობის ელემენტებით. ოღონდ ისურვეთ. სტილი ავეჯის და გაფორმების სრულიად განსაზღვრულ სახეს გკარნახობთ. მაგალითად: ევროპული ბაროკო – მარმარილო, მოოქროვილი ელემენტები, მდიდრული მოხატულობა, რბილი ავეჯი, ფაქიზი ჩუქურთმებით და ხავერდის ”შემოსილობით”... ადრეული როკოკო – დიდებული სარკეები, პატარა მაგიდები, პასტელის ტონები, თეთრის და ცისფერთან, ღია მწვანესთან და ვარდისფერთან შეხამება. კლასიციზმი უპირატესობას სწორხაზოვნებას ანიჭებს. მას სიცხადე, პროპორციების ჰარმონიულობა გამოარჩევს, ავეჯი ეყრდნობა სწორ ფეხებს და ა. შ.

ნებისმიერი ისტორიული სტილის ავეჯის მოძებნა დრესდღეობით ადვილია. ძველის ასლებს თანამედროვე ფირმები ამზადებენ, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი ყველაფერი ამ სტილის იყიდოთ. თუ დანარჩენი ავეჯი საკმაოდ ნეიტრალურად გამოიყურება, ერთი ან ორი მკვეთრად სტილიზებული საგანი მთელ ინტერიერს მისცემს ტონს.

...მაინც, როგორც კი ახალი ბინის მოწყობას დაიწყებთ, დაფიქრდით, ნაფიქრი სპეციალისტს გაანდეთ, რჩევებით დაიხუნძლეთ და ისე შეუდექით საქმეს.

eva.ge
ს. გულიაშვილი 

Comments: